თეგი: ნეკა დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ყოფილმა მეუღლემ ჩვენება მისცა, ბრალდებებს უპასუხა ჩოგბურთელმაც

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ჩვენება მისცა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომელშიც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით - რატომ ძალადობდა მასზე. დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული, როცა მათ შორის კპნფლიქტი აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა - „ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს“. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  

ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა

„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, - ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.  ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა.  ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.